
29 ივლისს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალ „ზღვარის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
გამოცემა ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვან თარიღს – ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს – ეძღვნება და წარმოადგენს კრების მემკვიდრეობას მრავალფეროვანი თეოლოგიური და ისტორიული პერსპექტივიდან.
კრებულში გაერთიანებულია თანამედროვე მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი და აღმოსავლეთის ეკლესიათა წამყვანი თეოლოგების სტატიები. მათ შორის არიან ენდრიუ ლაუთი, ჯონ ბერი, იოანე ქრისავგისი, კირილე ჰოვორუნი, მარ ავა III და სხვა ცნობილი ავტორები. ისინი ნიკეის კრების ქრისტოლოგიურ, ეკლესიოლოგიურ, ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას თანამედროვე კონტექსტში განიხილავენ.
გამოცემის განსაკუთრებულ ღირებულებას სხვადასხვა ქრისტიანული ტრადიციის წარმომადგენელთა აკადემიური დიალოგი წარმოადგენს, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ნიკეის მემკვიდრეობას განსხვავებული პერსპექტივებიდან შეხედოს.
ჟურნალში განხილულია ქრისტოლოგია ისლამური ხედვითაც, რაც ნომრის ინტელექტუალურ და ინტერრელიგიურ ჰორიზონტს კიდევ უფრო აფართოებს.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, დეტალურად გაეცნოს გამოცემას, ავტორებსა და იმ იდეებს, რომლებიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700-წლიანი მემკვიდრეობის თანამედროვე მნიშვნელობას წარმოაჩენს.
დრო: 29 ივლისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.