მკვლევარ ხორშიდ ხოდაბახშრაშადის საჯარო ლექცია „გენდერი და გენდერული სტერეოტიპები მეხუთე კლასის სპარსულ სახელმძღვანელოებში: 2011 და 1975 წლების სახელმძღვანელოების შედარება“

სექტემბერი 9, 2026 / 16:00 - 17:00

9 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი ხორშიდ ხოდაბახშრაშადი წაიკითხავს საჯარო ლექციას „გენდერი და გენდერული სტერეოტიპები მეხუთე კლასის სპარსულ სახელმძღვანელოებში: 2011 და 1975 წლების სახელმძღვანელოების შედარება“.

მომხსენებელი განიხილავს გენდერის რეპრეზენტაციისა და გენდერული სტერეოტიპების რეპროდუქციას 2011 და 1975 წლებში გამოცემულ მეხუთე კლასის ორ ირანულ სახელმძღვანელოში და შედარებითი თვისებრივი შინაარსობრივი ანალიზის გამოყენებით გააანალიზებს, თუ როგორ შეუძლია სასკოლო გამოცემებს გააზრებულად თუ გაუაზრებლად გენდერული როლების რეპროდუცირება, მათი განმტკიცება და ამგვარად ბავშვთა გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური პირობებისა, ორივე სახელმძღვანელო იმ გენდერული სტერეოტიპების რეპროდუცირებას ახდენს, რომლებიც შესაბამის ისტორიულ კონტექსტში იყო გაბატონებული. აქედან გამომდინარე, შედარებითი ანალიზი წარმოაჩენს იმ გზების ცვლილებებსა და უწყვეტობას, რომელთა მეშვეობითაც ირანში სასკოლო განათლება გენდერული ურთიერთობების რეპრეზენტაციას, რეპროდუქციასა და ნორმალიზებას ახდენს.

ლექცია ეფუძნება 2015 წელს გერმანიაში ხორშიდ ხოდაბახშრაშადის მიერ გამოქვეყნებულ მონოგრაფიას Darstellung von Geschlechterverhältnissen in iranischen Grundschulbüchern („გენდერული ურთიერთობების ასახვა დაწყებითი სკოლის ირანულ სახელმძღვანელოებში“).

ხორშიდ ხოდაბახშრაშადი გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ირანული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარია. იგი ამჟამად სამუშაო ვიზიტით იმყოფება გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 სექტემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N3

დასწრება თავისუფალია.