Loading Events

« All Events

ფილოსოფიური სემინარი „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“

მაისი 14 / 16:00 - 17:00

14 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“.

მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე), სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან სიტუაციებში. ასეთია, მაგალითად, მასობრივი სისასტიკე ან ბაზისური უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევები.

ეს ფუნდამენტურ კითხვას ბადებს: შეიძლება თუ არა ინტერვენცია გამართლებული იყოს, როდესაც ის ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას ემსახურება?

სემინარზე განსახილველი მთავარი საკითხები:

  • შესაძლებელია თუ არა ინტერვენციის გამართლება ყველა ადამიანისთვის კონტრაქტუალისტური ჩარჩოსა და „ზიანის“ პრინციპის მიხედვით?
  • რა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან მეტი ზიანი?
  • როდის არის საზოგადოებისთვის (ან სახელმწიფოსთვის) თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური?

მომხსენებელი განიხილავს ორ გავლენიან, მაგრამ განსხვავებულ ნორმატიულ ჩარჩოს:

„ჯონ სტიუარტ მილის ზიანის პრინციპს“, რომელიც ინტერვენციის საშუალებას იძლევა ზიანის პრევენციის საფუძველზე;

„თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმს“, რომელიც აფასებს ქმედებების დასაშვებობას სხვებისთვის გამართლების თვალსაზრისით გონივრული უარყოფის პირობებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ავსტრიული ბიბლიოთეკა, S507 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.