
11 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“.
უილიამ ჯეიმსის მიხედვით, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა.
მომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის ახალი განსხვავების შემოტანით დააზუსტებს. აჩვენებს, რომ, ჯეიმსის მიხედვით, ადამიანს მტკიცებულების გარეშე დებულების დაჯერების კარგი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად რწმენა რელევანტურ მტკიცებულებას წარმოშობს.
მომხსენებელი ასევე განიხილავს პირობას, რომლის მიხედვითაც ეს მიდგომა სარწმუნოა მეცნიერულ კონტექსტში, თუმცა არ არის დამაჯერებელი რელიგიური რწმენის შემთხვევაში. მეცნიერული რწმენა გულისხმობს საჯაროობას, შედეგების განმეორებადობასა და თვითშესწორებას, რაც ბრმა რწმენას ეპისტემურად გადამოწმებადს ხდის. რელიგიური რწმენა კი, როგორც წესი, პირად და ტრადიციულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, რაც თვითდადასტურების შეცდომის რისკებს აჩენს. შესაბამისად, ჯეიმსის პოზიცია შეიძლება მართებული იყოს მეცნიერული რწმენების, მაგრამ მცდარი – რელიგიური რწმენების შემთხვევაში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 11 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.