
17 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც გაუძღვებიან სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA – Association of Chartered Certified Accountants) ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ელენა ნაუმენკო, და BDO აკადემიის მენეჯერი, თინათინ იზორია.
BIG 4-ის კომპანიებში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ელენა ნაუმენკო, რომელიც სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციაში (ACCA) მუშაობს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, სტუდენტებს გააცნობს ACCA-ს კვალიფიკაციას, კერძოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი და რას მოიცავს იგი, ასევე, დასაქმების რა საშუალებებს იძლევა ACCA-ს კვალიფიკაცია და გამოცდებისთვის მზადებისა და სწავლის მხარდაჭერის რა საშუალებები არსებობს. ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში და ითვლის 188,000 პროფესიონალ წევრსა და 480,000 სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ACCA-ს პროფესიულ ბუღალტრულ კვალიფიკაციას აღიარებს როგორც გლობალურ სტანდარტს. მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ენდობიან და აღიარებენ ACCA-ს სტუდენტების ცოდნასა და პროფესიონალიზმს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრის დასასრულს, BDO აკადემიის წარმომადგენელი, თინათინ იზორია, სტუდენტებს გააცნობს, რა სახის ბენეფიტებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა შეეძლებათ მათ BDO აკადემიაში სწავლისას და გამოცდის ჩაბარებისას.
დრო: 17 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]