დოქტორანტ ჯესიკა ძაპალას საჯარო მოხსენება „დაბინძურებულ სივრცეში ცხოვრება და მისი დაბრუნება: ეთნოგრაფიული კვლევითი პროექტი ჭიათურაში, საქართველო“

ნოემბერი 17, 2026 / 17:00 - 19:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი და სადოქტორო პროგრამა გიწვევთ 2026-2027 სასწავლო წლის სემინარების სერიაზე.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კალიარის უნივერსიტეტის (სარდინია, იტალია) დოქტორანტი ჯესიკა ძაპალა წაიკითხავს მოხსენებას „დაბინძურებულ სივრცეში ცხოვრება და მისი დაბრუნება: ეთნოგრაფიული კვლევითი პროექტი ჭიათურაში, საქართველო“ (Dwelling and reclaiming contaminated space: an ethnographic research project in Ch’iatura, Georgia).

ჯესიკა ძაპალას პროექტი სოციალურ-ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან იკვლევს ჭიათურის მუნიციპალიტეტში (იმერეთი, საქართველო) მანგანუმის მოპოვების სოციალურ, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგებს. ნაშრომში განხილულია სამთო მრეწველობით გამოწვეულ ეკონომიკურ მოწყვლადობასა და ეკოლოგიურ კატასტროფას შორის კავშირი  და გამოკვლეულია  სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა სივრცეს ისევ იმკვიდრებს და დაბინძურებულ გარემოში ცხოვრების უფლებას ითხოვს. პროექტი მიზნად ისახავს სამთო საქმის ანთროპოლოგიის თანამედროვე დისკუსიაში წვლილის შეტანას განსაკუთრებული აქცენტით ტოქსიკურ ეკოლოგიასთან თანაარსებობის ფორმებსა და მოსახლეობის ქმედითუნარიანობაზე.

მომხსენებელი მიმოიხილავს პროექტის თემას, გამოყენებულ მეთოდოლოგიას, წინა საველე გამოცდილებას და 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ საველე კვლევას.

ჯესიკა ძაპალამ ბაკალავრის ხარისხი ევროპული, ევრო-ამერიკული და აღმოსავლური ენებისა და კულტურების მიმართულებით კატანიის უნივერსიტეტში 2018 წელს მიიღო. 2022 წელს მაგისტრის ხარისხი კულტურულ ანთროპოლოგიაში, ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიურ ლინგვისტიკაში მოიპოვა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა ნაშრომი „ქალაქი კერის გარეშე: ყოველდღიური ეთნოგრაფია, მანგანუმით დაბინძურება და რისკის აღქმა ჭიათურაში, საქართველო“. ამჟამად კალიარის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.