15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 ოთახში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორი თორნიკე გოგინაშვილი ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „თომა აქვინელი სამომავლო ხდომილებების შესახებ“.
არისტოტელეს ტექსტის, „განმარტებისათვის“ (“De Interpretatione”), IX თავი საუკუნების განმავლობაში, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, მრავალი განსჯისა და განხილვის საგანი იყო. სამომავლო ხდომილებების საკითხი და არისტოტელეს ცნობილი მაგალითი „საზღვაო ბრძოლის“ მოხდომა-არმოხდომის შესახებ სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველი გამხდარა.
საკითხის არსია, როგორ არის შესაძლებელი ლოგიკური ჭეშმარიტების უნივერსალურობის, სამყაროს მიზეზობრივი სტრუქტურისა და ადამიანის თავისუფალი ნების (liberum arbitrium) ურთიერთშეჯერება ისე, რომ არ მივიღოთ ფატალიზმი ან დეტერმინიზმი. თუკი ყოველი დებულება, რომელიც მომავალში განსახორციელებელ მოვლენას ეხება, უკვე აწმყოში აუცილებლად ჭეშმარიტია ან მცდარია, მაშინ თითქოს მომავალში არაფერი ხდება შემთხვევით, პირობითად ან თავისუფალი არჩევანის შედეგად, არამედ აუცილებლობით.
ბოეციუსიდან მოყოლებული სქოლასტიკის პერიოდში აღნიშნულ ლოგიკურ დილემას დაემატა თეოლოგიური განზომილებაც: ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობისა (divina omniscientia) და პრედესტინაციის თავსებადობა ადამიანის თავისუფალ ნებასა და სამყაროში არსებულ შემთხვევითობებთან.
მომხსენებელი განიხილავს თომა აქვინელის კომენტარებს არისტოტელეს “De Interpretatione”-ს მეცხრე თავზე და აჩვენებს საკითხის აქვინელისეულ გადაწყვეტას.
დრო: 15 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 ოთახი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.
2026