
8 ივნისს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში გაიმართება Prague Quadrennial of Performance Design and Space/ PQ11-ში მონაწილე სცენოგრაფ სტუდენტთა წინასაანგარიშო გამოფენა.
გამოფენაში მონაწილეობენ სამი უმაღლესი სკოლის – აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის თეატრის მხატვრობისა და კინო-ტელე მიმართულების ბაკალავრები და მაგისტრანტები, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სცენოგრაფიის მიმართულების კურსდამთავრებულნი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ცენტრის სცენოგრაფიის პროფესიული პროგრამისა და მუსიკის ცენტრის ელექტროაკუსტიკური მუსიკის პროგრამის სტუდენტები.
წარმოდგენილი იქნება როგორც ტრადიციული თეატრალური მაკეტები, ასევე ურბანული, მულტიმედიური ინსტალაციები და 3D ფორმატში შექმნილი ვირტუალურ-სცენოგრაფიული პროექტები.
პრაღის კვადრიენალე სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც მოიცავს სცენის დიზაინს, თეატრალურ კოსტიუმს, თეატრალურ არქიტექტურას, ახალ ტექნოლოგიებსა (მათ შორის ხმის დიზაინის) და სახელოვნებო განათლების შესატყვის დარგებს, მასში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისათვის, რომელთა წინასაანგარიშო გამოფენაში სხვადასხვა სცენოგრაფიული სკოლის მეთოდოლოგიური მიღწევები იქნება წარმოჩენილი.
პროექტის “ქართული სცენოგრაფიული სკოლა საერთაშორისო პრაღის კვადრიენალეზე” ორგანიზატორია ვალ. გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA union), ხოლო PQ11-ზე ქართული სტუდენტური პავილიონის წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (საერთაშორისო პროგრამა “ქართული სეზონები”).
[wpai_display_imported_files_here]