
„ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრება სტუდენტებისთვის“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოში; შეჯიბრება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.
– შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);
– I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 60-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო II, III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები.
შეჯიბრის ეტაპები:
– გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge 11 მარტს 18:00 საათამდე.
– შემდგომ ეტაპზე რეგისტრირებულმა გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი პოზიცია შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ მათთვის მიწოდებული საქმის შესახებ, რის საფუძველზეც ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა ოთხი გუნდი (შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია);
– ფინალურ ეტაპზე გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. ზეპირი მოსმენა გაიმართება ორ რაუნდად: პირველ რაუნდში ფინალისთვის შეირჩევა ორი გუნდი, ფინალში კი გამოვლინდება გამარჯვებული;
შეჯიბრების ორივე ეტაპი ტარდება ქართულ ენაზე (მონაწილე გუნდებს შეუძლიათ უცხოენოვანი მრჩევლის აყვანა);
ნებისმიერი თარიღის ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს, თარიღის ცვლილება არ დაარღვევს სამართლიანი შეჯიბრების პრინციპს;
შეჯიბრების ჩატარების დეტალური წესები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: შეჯიბრების წესები.
შეჯიბრების სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.
შეჯიბრება ერთხელ უკვე წარმატებით გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დიდ მადლობას ვუხდით ყველა პროფესიონალს, რომელთაც არ დაიშურეს დრო და ენერგია და უსასყიდლოდ მიიღეს და იღებენ მონაწილეობას შეჯიბრებაში შემფასებლის როლში.
[wpai_display_imported_files_here]