
11 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პროექტ Telekritika.ge-ს პრეზენტაცია. პროექტი წარმოადგენს მედია მონიტორინგის უფასო ვებ-გვერდს, სადაც გროვდება მონაცემები ქართული ტელეკომპანიების დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან. მონაცემებში შედის: სიუჟეტების გაუანალიზებელი მოკლე შინაარსები, მათი თანმიმდევრობა საინფორმაციო გამოშვებაში, ხანგრძლივობა და myvideo.ge-ს შესაბამისი ბმულები. პროექტის ავტორია ფონდი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
ამ პროექტის საშუალებით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, შეადაროს, თუ როგორ გაშუქდა ერთი და იგივე სიახლე სხვადასხვა არხზე და დატოვოს შეფასება კომენტარის სახით. ამ გზით Telekritika.ge ასრულებს სატელევიზიო ახალი ამბების შესახებ სადისკუსიო პლატფორმის როლს, სადაც თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებელი თავისი აქტიურობით აგროვებს ქულებს და იძენს მედიაკრიტიკოსის სხვადასხვა სტატუსებს.
ამ დროისთვის ვებ-გვერდზე 10-მდე არხის ერთი წლის დაუმუშავებელი მასალაა დაგროვილი, რაც მას მედია მონიტორინგის მნიშვნელოვან წყაროდ აქცევს. Telekritika.ge დიდი რაოდენობით რელევანტური და დაუმუშავებელი მასალის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
[wpai_display_imported_files_here]