
ილიაუნი განათლებისთვის, ილიაუნი მეცნიერებისთვის
4-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ილიაუნის სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი ლაბორატორიებისა და რესურსების გამოფენაზე.
გაინტერესებთ
- როგორ არის მოწყობილი სამყარო? რას და როგორ ცვლიდა ადამიანი ცოდნით და რისი შეცვლა შეუძლია მომავალში?
- როგორ ვიკვლიოთ/დავიცვათ უმდიდრესი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა?
- როგორ ვიკვლიოთ/შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება?
- როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს გარემოსა და ჯანმრთელობაზე?
- როგორ ავირიდოთ დაავადებების განვითარება და გართულება? რატომ შეიძლება იყოს გარემო ჩვენთვის მავნე და როგორ შეგვიძლია შევამციროთ რისკი?
- როგორ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლევასა და სწავლებაში?
ამ კითხვებზე საპასუხოდ გაეცანით უახლეს კვლევებს ილიაუნის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად.
აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ლაბორატორია/საგანმანათლებლო ტური ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტების მეგზურობით.
კვლევითი ლაბორატორიები
- საქართველოსა და კავკასიის მყინვარული სისტემები, გლობალური კლიმატური ცვლილებების საშიშროებები (გლაციოლოგიური ცენტრი);
- ბუნებრივი კატასტროფები, სეისმური საფრთხეები და უწყვეტი მონიტორინგის სისტემა (დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი);
- შავი ზღვის ეკოსისტემა, მაღალმთის ეკოლოგია (ბოტანიკის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, ილიაუნის კვლევითი გემი „წმინდა ილია“);
- გარეულ ცხოველთა და გადამფრენ ფრინველთა ინფექციები, ადამიანის პათოგენები (ადამიანის პათოგენების კვლევის ლაბორატორია, გარეულ ცხოველთა დაავადებების კვლევითი ცენტრი, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია);
- ადამიანის ჯანმრთელობა და მისი პრობლემების მიზეზის დადგენა (მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი, ძილ-ღვიძილის ლაბორატორია, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი);
- ცხოველთა ქცევა (ეკოლოგიის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი);
- ხეები და მათი კვლევა, მონიტორინგი (დენდროლაბი);
- კვების პროდუქტების უსაფრთხოება (გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექციისა და ქიმიური ტოქსიკურობის შეფასების ლაბორატორია);
- ასტრონომია და ასტროფიზიკა (კოსმოსური კვლევების ცენტრი);
- ასევე, ფიზიკის, ქიმიის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ზოოლოგიის, მოლეკულურ-გენეტიკური და სხვა ლაბორატორიები.
ტექნოლოგიური და სასწავლო სივრცეები
- ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლა – ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის, სტუდენტური დიზაინის, ჰიდრავლიკის, სტრუქტურული და გეოტექნიკური ლაბორატორიები;
- საუნივერსიტეტო მონაცემთა ანალიზის ცენტრი –საქართველოში ერთადერთი ცენტრი მოცულობითი მონაცემების დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნის და დანერგვის მიმართულებით;
- SALiS-ის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი და სასწავლო ლაბორატორია – თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე, სადაც ილიაუნის ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მომავალი მასწავლებლები ეუფლებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ინოვაციურ მეთოდებს;
- ფაბლაბი – ინოვაციური სამრეწველო და ტექნოლოგიური ლაბორატორია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელით და სხვა დანადგარებით;
- უნილაბი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია სასწავლო კურსებითა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამებით.
ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური კვლევები
- შავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევა – ილიაუნის საპრეზენტაციო სივრცეში პროფესორები ისაუბრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, არქეოლოგიური აღმოჩენების, შავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევების და სხვა მიღწევების შესახებ (G106 დარბაზი);
- ციფრული ჰუმანიტარიისა და ქართველოლოგიის სახელოსნო – ნახავთ, როგორ იქმნება უმდიდრესი ქართული და ქართველური ენების ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები, ენის კორპუსები და ბუნებრივი თანამედროვე მე-4 დონის ციფრული გამოცემები, გაეცნობით უახლეს ქართველოლოგიურ კვლევებს, პროსოპოგრაფიულ და სხვა მონაცემთა ბაზებს, მათი შექმნის მეთოდოლოგიას;
- EMLEX – ლექსიკოგრაფიის სტენდი – გსმენიათ, რომ ევროპის შვიდ უნივერსიტეტში ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის ნაკადი სწავლობს? გაინტერესებს, როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ევროპული ლექსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღოთ თანამედროვე განათლება ილიას უნივერსიტეტსა და პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში? გაინტერესებთ, როგორ იქმნება თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია, ეწვიეთ EMLEX-ის სტენდს;
- ლიტერატურისა და კინოს კუთხე – მათთვის, ვისაც უყვარს კინო და ლიტერატურა: რა წავიკითხოთ, როგორ ვუყუროთ კინოს (G კორპუსის ფოიე);
- უმაღლესი კვლევების ცენტრი – აკადემიური დისკუსიების სივრცე კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების და პრაქტიკული ფილოსოფიის შესახებ (S კორპუსი, დარბაზი 800).
სამეცნიერო გამოცემები
სამკითხველო სივრცეში გაეცნობით ცნობილი ევროპული საუნივერსიტეტო გამომცემლობების: შპრინგერი, ბრილი, ბრეპოლსი სამეცნიერო კვლევების სერიებს და ასევე ილიაუნის გამომცემლობის მონოგრაფიებსა და სამეცნიერო ჟურნალებს.
ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები
- ილიაუნის პროფესორები და კურსდამთავრებულები მოგიყვებიან საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რატომ არის ეს პროგრამები გამორჩეული და რას გამოიწვევს მათზე მიღების შეზღუდვა;
- ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამების სტენდზე ნახავთ 19 მიმართულების პროგრამებს, რომელთაც ილიაუნი აშშ-ის და ევროპის (გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, პორტუგალია, უნგრეთი) ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
თარიღი: 4 აპრილი, 15:00-18:00 საათი, 5 აპრილი, 15:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T (ტექნოლოგიური), G და E კორპუსები (ი.ჭავჭავაძის გამზ N45)
დასწრება თავისუფალია.