
3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაციაზე.
წიგნი – სახელწოდებით, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ – ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა და სერიაში – „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ – გამოვიდა.
პრეზენტაციაზე წიგნს მთარგმნელი წარადგენს.
წიგნის შესახებ
პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი – ეს დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997), საყვარელი თემებია, რომელთაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი – მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში, ვაგონეტზე შემომდგარა – მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
დრო: 3 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]