
28 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ გიწვევთ კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაციაზე.
კრებულში შესულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების 30-ზე მეტი სტატია ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. ის აერთიანებს 2018 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებს.
კრებულის რედაქტორები არიან: მზაღო დოხტურიშვილი, ბელა წიფურია, ალექსი ნუსელოვიჩი, ზაალ ანდრონიკაშვილი
შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე
შედარებითი ლიტერატურის მოწოდებაა, გათავისუფლდეს ეროვნული ნიშნით დაყოფისაგან, მაგრამ მან ეს ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ იტვირთა. საწყის ეტაპზე იცავდა და ადარებდა ეროვნული ლიტერატურული ტრადიციებისაგან შედგენილ ერთობლიობებს, რომლებიც ერთმანეთისგან ენებით იყო გამოყოფილი. მხოლოდ მეორე ეტაპზე, ახლახანს, გათავისუფლდა ამ შეზღუდვებისგან და უფრო მეტად დაინტერესდა ფორმებისა და იდეების ცირკულაციითა და გადაცემით. ეს ერთგვარი ტრანსნაციონალური პერსპექტივაა, რომელიც, დაეყრდნობა რა ახალ მეთოდოლოგიას, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს, თუ დაისახავს პოსტ-ტრანსნაციონალურ მიზანს.
ამ განახლების ცნებით ინსტრუმენტებს შორის ფიგურირებს „ლიტერატურული სივრცის“ კონცეპტი, რომელიც შთაგონებულია დეტერიტორიალიზაციის დელეზისეული ნააზრევითა და ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა ნაშრომით. ლიტერატურული სივრცე, რომელიც მოიაზრება გეოგრაფიისა და ისტორიის გადაკვეთაზე, მოიცავს მრავალ ლიტერატურასა და მრავალ ენას რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე, რომლებსაც ერთმანეთთან აახლოებს განხილული თემების, გადმოცემული დისკურსებისა თუ გამოყენებული ფორმების გაზიარება. ამის მაგალითებს გვთავაზობს კარიბი, ხმელთაშუა ზღვა თუ ბალკანეთი, რომელთაგან პირველმა ორმა უკვე ისარგებლა ამგვარი ხედვით.
შავი ზღვა და მისი აუზის ექვსი ქვეყანა (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი), მისი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, მისი კულტურული მრავალფეროვნება და მისი ისტორია, რომელიც ანტიკური ხანიდან იწყება, შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ ჩვენ ის ამ პერსპექტივაში შევისწავლოთ.
წინამდებარე კრებულში გამოქვეყნებულია კვლევის პირველ ეტაპზე თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2018 წლის ოქტომბერში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე მასალები, რომლებიც წარმოადგენს ინტერდისციპლინურ კვლევებს დიაქრონიასა და სინქრონიაში შემდეგი სამი მიმართულებით: შავი ზღვა როგორც ლიტერატურული სივრცე და ნაციონალური /კულტურული იდენტობის ფორმირება; შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია რელიგიურ-მითოლოგიურ და ისტორიულ ტექსტებში; შავი ზღვის კულტურული სემანტიკა – ლიტერატურული სივრცე და იმპერიული მემკვიდრეობა.
დრო: 28 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]