
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს განცხადებების მიღებას ყოველწლიურ უნივერსიტეტთაშორის მესამე სტუდენტურ კონფერენციაში „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“ მონაწილეობისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაზე გამოვლენილი სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მესამე ადგილზე გასულს კი – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 30-ლარიანი ვაუჩერი. კონფერენციის ყოველს მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2 %-ით.
კონკურსის (კერძო სამართლის მესამე სტუდენტური კონფერენცია) აღწერილობა
სახელწოდება:
კერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია: „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“.
მიზანი:
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ბაკალავრიატის სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და კვლევითი უნარების განვითარებას.
ფორმა:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურების სტუდენტებს.
ეტაპები:
კონკურსი შედგება ხუთი ეტაპისგან.
პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველები აგზავნიან რეზიუმეს (რომელშიც უთითებენ რეკომენდატორის გვარ-სახელსაც), საკონფერენციო საკვლევი თემის მოკლე აღწერილობას (აღწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს). კონკურსში მონაწილეობის მსურველები საკუთარი გადაწყვეტილებითა და ხელმძღვანელის ჩართულობით არჩევენ საკონფერენციო საკვლევ თემას. თემის შერჩევაში კონკურსის კომისია არ მონაწილეობს.
გამოგზავნილი დოკუმენტების განხილვის შედეგად კონკურსის მიმდინარეობისას შექმნილი კომისია შეარჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კონფერენციაში მონაწილე კანდიდატები.
შერჩეულ კანდიდატებს კონფერენციის ორგანიზატორები ჩაუტარებენ ტრენინგს საკონფერენციო თემის წერისა და კვლევის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით (მესამე ეტაპი).
ტრენინგის შემდეგ კონკურსის კანდიდატებს ექნებათ 1-თვიანი ვადა საკონფერენციო თემის დაწერისთვის (მეოთხე ეტაპი).
კონკურსის დასკვნით ეტაპზე გაიმართება კონფერენცია, რომელზეც კონკურსის მონაწილეები წარადგენენ (პრეზენტაცია და კითხვა/პასუხი) საკუთარ ნაშრომებს/კვლევებს კონფერენციაში მონაწილე პირებისა და კომისიის წინაშე.
კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლებით.
შედეგი და დაჯილდოება:
კონფერენციის შედეგად კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო კვლევით ნაშრომს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ვებგვერდზე. ამავდროულად, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მესამე ადგილზე გასულს – ქინდლი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 30-ლარიანი ვაუჩერი.
კონფერენციის ყოველ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, საკვლევი თემის მოკლე აღწერილობა (აღწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს) უნდა გააგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: 3rdconference@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „კერძო სამართლის მესამე კონფერენცია“.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2019 წ.
[wpai_display_imported_files_here]