Loading Events

« All Events

დოქტორანტ მათე თევზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

ივლისი 13 / 14:00 - 17:00

13 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison).

დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელეს) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას ნაშრომი კოტუტელეს პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი (ორივე უნივერსიტეტის დიპლომი).

ნაშრომის აღწერა

ნაშრომი იკვლევს პრაქტიკული გონიერების ცნებას გ. ვ. ფ. ჰეგელის ქმედების თეორიისა და თანამედროვე გადაწყვეტილების თეორიის (კერძოდ, მოსალოდნელი სარგებლიანობის თეორიის) სისტემური შედარების გზით.

ჰეგელის სუბიექტური ნების სპეკულატიურ-დიალექტიკური ცნებისა და გონივრული არჩევანის თანამედროვე ფორმალურ-აქსიომატური თეორიის დიალოგში მოყვანით, კვლევა მიზნად ისახავს გონივრული აგენტობის სტრუქტურული პირობების, ნორმატიული საფუძვლებისა და იმანენტური საზღვრების დაზუსტებას. დისერტაციის ცენტრალური დასკვნის თანახმად, აღნიშნული თეორიები ერთმანეთთან იერარქიულ (ვერტიკალურად თავსებად) და არა ურთიერთგამომრიცხავ მიმართებაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების თეორია გვთავაზობს ტექნიკურ და მკაფიოდ განსაზღვრულ კონტექსტებში ოპტიმიზაციის მძლავრ მოდელს, იგი არასაკმარისია პრაქტიკული გონების რთული მთლიანობის გააზრებისათვის. დისერტაცია იცავს თეზისს, რომლის თანახმადაც, ჰეგელის ცნებითი ჩარჩო ფილოსოფიურად უფრო საფუძვლისმიერია, ვინაიდან იგი მიემართება და სწვდება თავად აგენტობის შესაძლებლობის პირობებს მათსავე მთლიანობაში – თავისუფლებას, პასუხისმგებლობასა და ურთიერთაღიარებას. ამით ის ქმნის იმ ნორმატიულ ჰორიზონტს, რომლის ფარგლებშიც ფორმალური ოპტიმიზაცია ინტეგრირებადია როგორც გონიერებისა და გონივრული ქმედების ლეგიტიმური, მაგრამ შეზღუდული და დაქვემდებარებული მომენტი.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:
პროფესორი გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

პროფესორი მიხაელ კვანტე (მიუნსტერის უნივერსიტეტი)

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 13 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 800 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.