5 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე წაიკითხავს მოხსენებას „სიყვარული თუ ძრწოლა? ჰაიდეგერისეული ფუნდამენტური განწყობილების სქოლასტიკურ-მისტიკური წყაროები“.
ჰუსერლის შეფასებით, ჰაიდეგერის ე.წ. „ფენომენოლოგია”, რომლის ცენტრშიც მუნყოფიერება დგას, რჩება ბუნებითი მიდგომის მსხვერპლად. მასწავლებლისათვის დეკარტი არის ფილოსოფიის წყალგამყოფი ხაზი, რომელმაც მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან ნაივური მიდგომა, რომელიც გადაუმოწმებად, „თვითცხად“ დებულებებზე აშენებდა ხედვას, და ფილოსოფია, რომელიც ნაივურ-ანთროპოცენტრისტული პოზიციისაგან განსხვავებით არაფერს იღებს გადამოწმების გარეშე. ამის საპასუხოდ ჰაიდეგერი მიიჩნევს, რომ დეკარტის შემდგომ ყოფიერების სახეთა მრავალფეროვნება ფილოსოფიის ისტორიაში გაღარიბებულად წარდგა, დავიდა რა მხოლოდ ერთზე – უეჭველ-გადამოწმებად სახეზე.
ჰაიდეგერის პოზიციიდან გამომდინარე, სქემა „სუბიექტი გარკვეულ მიმართებაში, ინტენციაშია ობიექტთან” და მისი თეორიული გააზრება ვერ ამოწურავს ყოფნის შესაძლებლობებს. მეტიც: მისთვის ფუნდამენტური და ავთენტური ყოფნის სახე დაკავშირებულია არა წმინდად შემეცნებით-თეორიულ მოცემულობასთან, არამედ გარკვეულ განწყობილებასთან. მისთვის ყოველი გაგება, ყოველი ცოდნა ეფუძნება განწყობილებას, ხოლო ავთენტური და ფუნდამენტური განწყობილება არის ძრწოლა.
ძრწოლას არ აქვს ობიექტი. მუნყოფიერება ძრწის, მაგრამ არ იცის, რის გამო და რის წინაშე. ჰაიდეგერის მიხედვით, ასეთი საფუძველგამომცლელი და უკიდურესი მდგომარეობა მუნყოფიერებას გამოიყვანს „ბუნებითი მიდგომიდან“. სწორედ ასეთ დროს უფერულდება ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც მას წინარწმენების სახით ეძლევა.
საინტერესოა, რომ ადრეულ ჰაიდეგერთან ასეთი ყოვლისმომცველი და ფუნდამენტური განწყობილება, როგორიცაა ძრწოლა, გარკვეულ პარალელს ქმნის ინტენციურ ფენომენთან, რომელიც ობიექტს მოიაზრებს. საუბარია ჰაიდეგერის ოთხ ტექსტზე, რომლებშიც ძრწოლასა და აბსოლუტის სიყვარულს შორის გარკვეული პარალელების გავლება შეიძლება. მომხსენებელი განიხილავს 1915-1921 წლებში შექმნილ ადრეული ჰაიდეგერის ამ ტექსტებს, რომლებშიც ცხადია გერმანელი ფილოსოფოსის მნიშვნელოვან თეზისებზე სქოლასტიკურ-მისტიკური გავლენები.
დრო: 5 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 800 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026