17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს.
წიგნი იწყება უდი განმანათლებლის, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო და მრავალეთნიკური კავკასიური სოფლის ყოფას, ადგილობრივ კულტურათა ურთიერთგავლენას, უდიურ ტრადიციებსა და თქმულებებს, უდიურ თემში ჯერ კიდევ შემორჩენილ სხვადასხვა წეს-ჩვეულებასა თუ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენას.
მეორე თავი ეთმობა გივი ბეჟანიშვილის მიერ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აზერბაიჯანის უდიურ დასახლებებში, ნიჯსა და ვართაშენში, ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს.
დასკვნით ნაწილში თავმოყრილია ჩვენს საუკუნეში ალექსანდრე ქავთარაძის მიერ სადოქტორო კვლევაზე მუშაობისას საქართველოში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილი რამდენიმე ზეპირი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისის დევნის შესახებ.
წიგნის რედაქტორი, მთარგმნელი და შემდგენელია ალექსანდრე ქავთარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი.
კრებული გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“.
კრებულს წარადგენენ ალექსანდრე ქავთარაძე და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.