Loading Events

« All Events

საერთაშორისო ვორკშოპი „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“

ნოემბერი 28 / 16:00 - 17:00

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“.

ვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა.
​​ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული, ლიტერატურული, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში წარმოქმნილი პოლიტიკურ-რასისტული ანტისემიტიზმის კონტექსტში. განიხილება დრეიფუსის საქმე და  მასზე გამოხმაურება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ფაშისტური რეჟიმებისა და ნაციზმის აღმოცენება, ჰოლოკოსტის შედეგად გამოწვეული რღვევა, ასევე საბჭოთა სტალინური რეჟიმის სახელმწიფო ანტისემიტიზმი.

ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილება, თუ ლიტერატურა გამოხატვის მრავალმხრივი ფორმებით როგორ ეხმაურება ებრაულობის რეპრეზენტაციას სხვადასხვა ნაციონალურ და სოციალურ კონტექსტში, რაც სვამს საკითხს მწერლობისა და, ზოგადად, წერის შესაძლებლობისა, უპასუხოს ანტისემიტიზმის აღზევებას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის ჩვენს თანამედროვე სამყაროში.

ვორკშოპი მიზნად ისახავს დღემდე ნაკლებად განხილული საკითხების ხელახლა გააზრებას, მაგალითად „პატარა“/„პერიფერიული“ ლიტერატურების და/ან მივიწყებული/უცნობი ავტორების პერსპექტივა.

საკვლევი თემები:

  • ებრაული თემა ლიტერატურის ისტორიაში: ნაციონალური და ტრანსნაციონალური კონტექსტების მიმოხილვა;
  • ადამიანის სხეული მარგინალიზებულ სივრცეში;
  • განდევნის/გარიყვის სივრცეები;
  • ებრაულობის რეპრეზენტაცია ინტერმედიალური პერსპექტივით;
  • საერთო სივრცეებში კოჰაბიტაცია;
  • მარგინალიზაციის და გარიყვის ალტერნატიული ფორმების განხილვა (მაგ. რასისტული, სოციალური, გენდერზე დამყარებული) და მათი ლიტერატურული თუ მხატვრული გამოვლინება.

განაცხადის წარდგენის ვადა: ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 20 ნოემბრამდე. განაცხადი უნდა შეიცავდეს მოხსენების სათაურს, აბსტრაქტს (250 სიტყვა) და მოკლე ბიოგრაფიას (250 სიტყვა) და წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე (ინგლისურ ან ფრანგულ და ქართულ ენებზე) ელექტრონულ მისამართებზე: tina_mamatsashvili@iliauni.edu.gebela_tsipuria@iliauni.edu.ge

საორგანიზაციო კომიტეტი:

ათინათი მამაცაშვილი, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი)

სამეცნიერო კომიტეტი:

მზაღო დოხტურიშვილი, ათინათ მამაცაშვილი, ნინო ფირცხალავა, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი)

ფორმატი: ჰიბრიდული

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 28 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025