Loading Events

« All Events

ილიაუნის ახალი სამეცნიერო ჰაბი: თბილისის გეოლოგიური პარკის გახსნა, დედამიწის დინამიკის VR ლაბორატორიის, გეოტექნიკური ლაბორატორიისა და GNSS სადგურის პრეზენტაცია

ივლისი 14 / 11:00 - 18:00

14 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამეცნიერო, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, სეისმური მონიტორინგისა და ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შემდგომი განვითარების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და მკვლევრების პრაქტიკული უნარების გაძლიერება, ასევე ბუნებრივი საფრთხეების კვლევისა და მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება.


დედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია

დედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია აერთიანებს ტრადიციულ გეოტექნიკურ და ვირტუალური რეალობის (VR) ლაბორატორიებს.

გეოტექნიკურ სივრცეში მკვლევრები ქანის ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკურ პარამეტრებს ლაბორატორიულად განსაზღვრავენ. მიღებული მონაცემები ვირტუალური რეალობის გარემოში გადაინაცვლებს, სადაც სტიქიური პროცესების  3D სიმულაცია განხორციელდება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ლაბორატორიაში განთავსდება საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში უიშვიათესი ლიდარული (ლაზერულიდრონი. სივრცე სრულად ღია იქნება ფუნდამენტური, გამოყენებითი და სტუდენტური კვლევებისთვის.


თბილისის გეოლოგიური პარკი ღია ცის ქვეშ

თბილისის გეოლოგიურ პარკში წარმოდგენილია თბილისის ამგები ქანების ნიმუშები მოპოვების ზუსტი კოორდინატებით, ფოტოებითა და ორენოვანი ანოტაციებით. დამთვალიერებელს შეეძლება იხილოს იმ ქანების ნიმუშებიც, რომლებზეც დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები (სამების საკათედრო ტაძარი, თბილისის სატელევიზიო ანძა, ნარიყალას ციხე და მეტეხის ტაძარი) არის დაშენებული. ექსპონატებს შორისაა 43-44 მილიონი წლის წინანდელი შუა ეოცენური ანდეზიტი, რომელიც თავისი მაღალი სიმკვრივით იდეალურ საშენ მასალას წარმოადგენს.

თბილისის გეოლოგიური პარკი ვიზიტორებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.


დედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგის ახალი GNSS სადგური დავითგარეჯაში 

დავითგარეჯაში, მამა დავითის ლავრასთან მდებარე ინსტიტუტის ბაზის ტერიტორიაზე, დასრულდა ახალი, მზის პანელებით აღჭურვილი GNSS სადგურის მშენებლობა, რომელიც დედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგს მოემსახურება.

სადგური სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია და სრულად ამოქმედდება 14 ივლისს.

დავითგარეჯას სადგური იქნება მე-16 მუდმივმოქმედი პუნქტი იმ გეოდეზიურ ქსელში, რომელსაც ინსტიტუტი მართავს.


ღია ცის ქვეშ ოფისი და სალექციო ამფითეატრი

ინსტიტუტის მიმდებარე ტყეში, ტერასულ რელიეფზე მოეწყო ეკომეგობრული სამუშაო და სალექციო სივრცე. ტერიტორია მოიცავს მცირე ამფითეატრს, რომელიც საღამოს საათებში პროექტორით სამუშაო და საპრეზენტაციო სივრცედ გადაიქცევა, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების, თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ახალი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების, გეოლოგიური პარკისა და მონიტორინგის სადგურის ამოქმედება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყანაში მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით.


დრო: 14 ივლისი, 11:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, შ. ნუცუბიძის ქ. N 77

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივლისი 14
Time:
11:00 - 18:00