ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას.
პროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა.
30 სექტემბერს, 19:00 საათზე, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ანდრეას ლეხნერი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“.
პროფ. ლეხნერი განიხილავს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – შენობების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების იმპერატივს, რომელიც სვამს ფუნდამენტურ შეკითხვას: ვის ეკუთვნის შენობის ავტორობის უფლება? და წარმოადგენს ხედვას არქიტექტურული ტიპების, ტიპოლოგიისა და ტრანსფორმაციის სტრატეგიებს შორის არსებულ შუალედურ ურთიერთობებზე. მისი არგუმენტაცია ეფუძნება ახლად გამოცემულ ნაშრომს “Architectural Affordances – Typologies of Umbau” (2025).
პროფ. ლეხნერის მიერ შემოთავაზებული Umbau-ს ცნება (გერმ. „ტრანსფორმაცია“) სცილდება შენობების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური განახლების ტრადიციულ ჩარჩოს და გვთავაზობს უფრო ნიუანსურ დიალოგს ტიპოლოგიასთან, ისტორიულ განგრძობითობასა და მატერიალურ არტიკულირებასთან მიმართებით. ამ მიდგომით არქიტექტურული ტრანსფორმაცია აღიქმება არა როგორც ნიშური პრაქტიკა, არამედ როგორც დისციპლინის ბირთვი, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ პრაქსისსა და შემოქმედებით ძალისხმევას.
პროფესორი ანდრეას ლეხნერი არის არქიტექტორი, მკვლევარი და მწერალი, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია კონტექსტზე ორიენტირებულ და კვლევაზე დამყარებულ დიზაინზე. იგი მუშაობს ავსტრიაში, TU Graz-ში, სადაც დაიცვა დისერტაცია და დაამთავრა მაგისტრატურა. არის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და კვლევითი ჯგუფის Counterintuitive Typologies ხელმძღვანელი.
ანდრეას ლეხნერი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომისა, მათ შორის “Thinking Design: Blueprint for an Architecture of Typology” (2021) და თანარედაქტორი GAM – გრაცის არქიტექტურული ჟურნალისა და The Journal of Architecture-ის სპეციალური ნომრებისა.
ფორმატი: ონლაინ
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 30 სექტემბერი, 19:00 საათი
დასწრება თავისუფალია.