
4 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“.
ღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს, სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში.
მომხსენებლები განიხილავენ საქართველოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია, 2011) და გაეროს კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW, 1979), იმსჯელებენ ანტიგენდერულ ნარატივებსა და წინააღმდეგობის სტრატეგიებზე, გენდერული სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლების მხარდასაჭერად.
2025 წელს, როცა გენდერული თანასწორობა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას, კამპანიის გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს შორის კავშირი ნათელია – როცა უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა, გენდერული თანასწორობაც საფრთხეშია.
მომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე, იურისტი; გოგა ხატიაშვილი, იურისტი; მარი მესხი და თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები
მოდერატორი – ნიკა გურინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.