
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია.
გამოცემის პირველი ნაწილი 1920-1922 წლებში საქართველოში გერმანელი ვიცე-კონსულის, დოქტორ თეოდორ მუთის ჩანაწერებია. გიორგი ასტამაძემ თარგმნა სამი ჩანაწერი, რომლებიც ეხება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომს, ჩეკას მიერ წამოწყებულ ტერორსა და ერთ დრამატულ შემთხვევას, რომელიც ჩეკას ორგანიზებით 1921 წელს მოხდა თბილისში, გერმანიის საკონსულოში.
ჩანაწერებს ერთვის გიორგი ასტამაძის კვლევა თეოდორ მუთის მესამე ჩანაწერის შესახებ. ავტორი მას ეპოქისდროინდელ პოლიტიკურ კონტექსტში სვამს, განიხილავს ჩანაწერში აღწერილ მოვლენებს და საარქივო მასალებით ადასტურებს მათ რეალურობას.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“.
გიორგი ასტამაძე კარლსრუეს უნივერსიტეტის (KIT) ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და დამოუკიდებელი მკვლევარია. მისი ინტერესის სფეროა XX საუკუნის გლობალური ისტორია, მსოფლიო ომების ეპოქა, ტოტალიტარული რეჟიმები, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორია. მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანიასა და საქართველოში.
წიგნს წარადგენენ
გიორგი ასტამაძე, ისტორიკოსი, ბექა კობახიძე, ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბუბა კუდავა, ისტორიკოსი, გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 17 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.