
ღონისძიებების – ილიაუნის 10 წლისაა – ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და ბორდოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, იწყება ახალი პროექტი – “აგორა საქართველო – ორმაგი ლანდშაფტის კვლევა”.
პროექტის ფარგლებში, 16 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ფრანგი ანთროპოლოგი, არქიტექტორი და დიზაინერი, მარკ ბარანი, წაიკითხავს საჯარო ლექციას – ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე და სახელოსნოში მიმდინარე პროექტებზე
მომხსენებლის შესახებ
მარკ ბარანი დაიბადა 1957 წელს, საფრანგეთში. მარსელის არქიტექტურის სკოლის (École nationale supérieure d’architecture de Marseille) დასრულების შემდეგ, იგი მოგზაურობდა ნეპალსა და ინდოეთში, სადაც სწავლობდა ანთროპოლოგიას. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კი მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტზე (საკონფერენციო დარბაზი, სასაფლაო, ხიდი და სხვა)
2008 წელს, მარკ ბარანიმ მიიღო მნიშვნელოვანი ჯილდო – ”Silver Square” – ნიცაში, ტრამვაის სადგურის პროექტისთვის; ხოლო 2013 წელს – არქიტექტურის გრანტ-პრემია – ერთ-ერთი პრესტიჟული პრემია საფრანგეთში. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ცერემონიისას აღნიშნა, რომ მარკ ბარანის აქვს არაჩვეულებრივი გრძნობა არამარტო შეიგრძნოს (ყური მიუგდოს) ბუნება, ლანდშაფტი და გარემო, არამედ აქვს უნარი, გაითვალისწინოს სოციალური მხარე, რაც მის ნამუშევრებში არაჩვეულებრივად იკვეთება
მარკ ბარანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
პროექტის შესახებ
პროექტის – “აგორა საქართველო – ორმაგი ლანდშაფტის კვლევა” – მიზანია, ფრანგმა და ქართველმა სტუდენტებმა შეისწავლონ, თუ როგორ შეიძლება ურბანულ (ლანდშაფტის) პროექტმა კონკრეტული სცენარით და კარგად განსაზღვრული ფუნქციით შეცვალოს ბუნებრივი გარემო, რომლის სიმბოლური მაგალითია დასავლეთ საქართველოში არსებული ორი ქალაქი – ჭიათურა და წყალტუბო. ამ ორი ქალაქის შესწავლის შედეგად მივიღებთ შემაჯამებელ „ორმაგ“ კვლევას, რომლის საშუალებითაც დავინახავთ, თუ როგორ ხდება ურბანული (ლანდშაფტური) პროექტის დაკვირვების შედეგად ადგილის დანიშნულების გამოვლენა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილა საველე სამუშაოები ჭიათურასა და წყალტუბოში ფრანგ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად. სტუდენტურმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს კონკრეტულ ჩარჩოში მოქცეული, ორივე ქალაქის ტოპოგრაფია, გეოლოგია, ჰიდროლოგია, ვეგეტაცია, არსებული ნაგებობების განლაგება და ინფრასტრუქტურა. შემდეგ დააფიქსიროს ცალკე რუკაზე მნიშვნელოვანი (გამორჩეული) ელემენტები თითოეული ქალაქისთვის და ამ მნიშვნელოვანი ელემენტების გამოყენებით შექმნას ვიზუალური მასალა (კვლევითი პროექტი).
პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
დრო: 16 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]