Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება

სექტემბერი 17 / 21:00 - 22:00

თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა.

პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი.

ეს არ არის მხოლოდ კლასიკური სიყვარულის ისტორია, არამედ მრავალმხრივი ნარატივი, რომელიც აჩვენებს ემოციური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ურთიერთგადაკვეთას. არენდტის, ებრაელი ფილოსოფოსისა, და ჰაიდეგერის, ნაცისტური პარტიის დროებითი წევრის, საიდუმლო ურთიერთობა ერთდროულად წარმოჩინებულია როგორც მომხიბვლელი და შემაძრწუნებელი მოვლენა.

სპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე, სცენოგრაფია ეკუთვნის ნუცა ჭყონიას, მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილს, ხოლო ტექნიკური რეჟისორი გვანცა ბიწაძეა. მსახიობები: ლილი ხურითი (ჰანა არენდტი), ანდრია ვაჭრიძე (მარტინ ჰაიდეგერი), მაშო თვალაბეიშვილი (სტუდენტი ჰანა), ვატო სანიკიძე (მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი).

დადგმა რეფლექსიას ახდენს თეატრის, როგორც პოლიტიკური ხელოვნების, არსზე. სპექტაკლი განიხილავს ადამიანური არსებობის ბუნებას, თავისუფლების გამოვლინებასა და ინდივიდის პოლიტიკურ კონტექსტში არსებობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის არსებობის საზღვრები, რაც დღემდე წარმოადგენს ფილოსოფიური და ესთეტიკური კვლევის საგანს.

პიესა წარმოდგენილია ერთ მოქმედებად, პრემიერა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი.

დრო:

17 სექტემბერი 21:00 საათი

18 სექტემბერი 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32


დამატებითი ინფორმაციისთვის:

ნათია კვაშალი

597 760 074; 2 29 47 15
theatre@iliauni.edu.ge
www.iliaunitheatre.ge

Details

Date:
სექტემბერი 17
Time:
21:00 - 22:00
Event Category: