29 მაისს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი.
წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
წიგნში დეტალურად არის განხილული შვიდი ქვეყნის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, შვედეთის, რუსეთის და პოლონეთის, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან, პოლიტიკური სისტემებთან, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებთან, ისტორიულ და თანამედროვე პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი საკითხები. წიგნი სთავაზობს მკითხველს ინდივიდუალური პოლიტიკური სისტემების სიღრმისეულ გააზრებას, ასევე მათ შედარებით ანალიზს, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი მიზნებისთვის.
წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, გიორგი გვალია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, ლექტორი გიორგი ოდოშაშვილი.
წიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი თემაზე:
„ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ მოხსენებებს და ვიზუალურ პოსტერებს თანამედროვე ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალურ როლზე ცვალებად საერთაშორისო სისტემაში.
დრო: 29 მაისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ.წერეთლის ქ. N1