ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“

ნოემბერი 11, 2026 / 18:00 - 19:00

11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში.

პროექტის სამუშაოები მოიცავდა საარქივო და სახელოვნებათმცოდნეო კვლევებს, ასევე საველე სამუშაოებს – შენობების აზომვასა და დოკუმენტირებას. საბაზისო მეთოდი იყო ფოტოგრამეტრია, რომლითაც შესაძლებელია არქიტექტურული დოკუმენტაციის შექმნა (ნახაზები) ფოტოგადაღებისა და ფოტოების შემდგომი დამუშავების ბაზაზე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ინსტიტუტის (Istituto di Scienze del Patrimonio Culturale) იტალიელ სპეციალისტებს. ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი დანიელე ფერდანი, რომელთანაც ქართველი კოლეგები დიდი ხანია თანამშრომლობენ, კოლეგებს გაუზიარებს გამოცდილებას. ქართული მხარე გააცნობს კოლეგას პროექტის მსვლელობის დეტალებს და მიღებულ შედეგებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ფოტოგრამეტრიის მეთოდის პოპულარიზაციას. ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ: დანიელე ფერდანი, ეროვნული სამეცნიერო კომიტეტი, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ინსტიტუტი (რომი); გიორგი ფარცხალაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ეკატერინე კიკნაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; დავით ნიორაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი; თათია ღვინერია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თამთა შონვაძე, საქართველოს ეროვნული არქივი.

დრო: 11 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 ოთახი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.